USCIS - ყველაფერი ინტერვიუს თარგმნის შესახებ

თარჯიმნის ფუნქცია და USCIS-ის მოთხოვნები
ოდესმე მიგიღიათ საემიგრაციო სამსახურისგან (USCIS) წერილი, რომ ინტერვიუზე გიბარებენ, და თუ გჭირდებათ, თარჯიმანი, ანუ ე.წ. ინტერპრეტერი თავად უნდა მიიყვანოთ?
ამაში ცუდი და გასაკვირი არაფერია - თუ ინგლისურ ენაზე თავისუფლად ან კომფორტულად არ საუბრობთ, ან გსურთ, რომ გყავდეთ ადამიანი, რომელიც დარწმუნდება, რომ ენის ბარიერის არსებობის პირობებში მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოგრჩებათ, მაშინ თარჯიმნის, ე.წ. ინტერპრეტერის აყვანა თქვენი უფლებაა და ამ ხარჯის გაწევაც თქვენვე გიწევთ - რა ტიპის ინტერვიუზეც არ უნდა გიწევდეთ მისვლა. მათ შორის თავშესაფრის ინტერვიუებზეც კი, იმ პირობებში, როცა ინტერვიუზე USCIS-ს უკვე ჰყავს ჩართული მონიტორი თარჯიმანი - თუმცა, ამაზე მომდევნო სტატიაში გესაუბრებით.
ამ ინტერვიუს დროს თარჯიმანი წარმოადგენს ნეიტრალურ შუამავალს თქვენსა და USCIS-ის ოფიცერს შორის და ზრუნავს იმაზე, რომ ორივე მხარემ ერთმანეთის ნათქვამი ზუსტად და სრულყოფილად გაიგოს.
იმის გათვალისწინებით, რომ USCIS-ის ინტერვიუები მნიშვნელოვანი საიმიგრაციო სარგებლისა და სტატუსის წინაპირობაა, კვალიფიციური და სანდო თარჯიმნის შერჩევა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. პროფესიონალი თარჯიმანი უზრუნველყოფს, რომ თქვენი პასუხები ზუსტად და სრულყოფილად იყოს გადმოცემული, რაც ამცირებს გაუგებრობის ან შეცდომის რისკს, რომელსაც დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია თქვენს საქმეზე. კვალიფიციური მთარგმნელობითი სერვისის მიღებას ჩვენთანაც შეძლებთ, ამიტომ, აუცილებლად დაგვიკავშირდით. მანამდე კი გაეცანით სტატიას, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს.
რომელ USCIS-ის ინტერვიუებზე შეიძლება დაგჭირდეთ თარჯიმანი?
თარჯიმანთან დაკავშირებული მოთხოვნები ვრცელდება USCIS-ის საველე ოფისებში ჩატარებულ ინტერვიუების უმეტესობაზე, მათ შორის:
სტატუსის ცვლილების (Adjustment of Status) და მწვანე ბარათის (Green Card) ინტერვიუებზე;
ქორწინებაზე დაფუძნებული, ან/და ოჯახის წევრობის საფუძველზე წარდგენილი საიმიგრაციო საქმეების ინტერვიუები;
დასაქმებაზე დაფუძნებული სტატუსის ცვლილების ინტერვიუები;
Form I-751-ის (პირობითი მუდმივი ბინადრობის პირობების მოხსნის) ინტერვიუები;\\
ნატურალიზაციის (მოქალაქეობის) გარკვეული ინტერვიუები იმ პირებისთვის, რომლებიც ინგლისური ენის მოთხოვნისგან გათავისუფლებას ექვემდებარებიან ასაკობრივი ზღვარის, ან სამედიცინო ჩვენების გამო.
და სხვა ნებისმიერი, მათ შორის თავშესაფრის ინტერვიუები, რომელზეც მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.
გაითვალისწინეთ, რომ ეს სტატია ეხება მხოლოდ USCIS-ს. თუ გასაუბრება გაქვთ ICE-თან, ან გაქვთ სასამართლო პროცესი საიმიგრაციო მოსამართლის წინაშე, ასეთ დროს, როგორც წესი, თარჯიმანს აშშ-ის მთავრობა უზრუნველყოფს.
რა მოთხოვნები აქვს USCIS-ის თარგმნასთან დაკავშირებით?
USCIS პირდაპირ მოითხოვს, რომ თარჯიმანმა უზრუნველყოს სრული, ზუსტი და მიუკერძოებელი თარგმანი და ინტერვიუს დროს ნათქვამი მაქსიმალური სიზუსტით გადმოსცეს, საკუთარი მოსაზრების, განმარტებისა თუ პასუხების დამატების გარეშე.
ამ მოთხოვნების მიზანი სხვადასხვაა, თუმცა, მათ შორის უმთავრესია იმის უზრუნველყოფა, რომ აპლიკანტის ჩვენება ზუსტად აისახოს ოფიცრის ჩანიშვნებში, რაც, ცხადია, გადაწყვეტილების მიღებისას უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.
USCIS-ის ოფიცერს აქვს უფლება, რომ კონკრეტული მიზეზის გამო უარი თქვას თარჯიმნის ინტერვიუში მონაწილეობაზე. ამის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ხდება ის, რომ თარჯიმანს არ აქვს საკმარისი ენობრივი ცოდნა. ასევე, შესაძლოა, არ თარგმნის ნეიტრალურად და მიუკერძოებლად, ან მისი მონაწილეობა საფრთხეს უქმნის ინტერვიუს სანდოობას.
ვის შეუძლია თარჯიმნად მუშაობა?
USCIS-ის მოთხოვნებზე დაყრდნობით, თარჯიმანი პროფესიონალურ დონეზე უნდა ფლობდეს როგორც ინგლისურს, ისე განმცხადებლის მშობლიურ ენას და, სასურველია, იყოს ნეიტრალური პირი, რომელსაც საქმის შედეგის მიმართ პირადი ინტერესი არ გააჩნია.
მიუხედავად იმისა, რომ USCIS უპირატესობას ანიჭებს ნეიტრალურ თარჯიმანს, ოფიცერს შეუძლია გარკვეულ შემთხვევებში გამოიყენოს საკუთარი დისკრეცია და დაუშვას მეგობრის ან ოჯახის წევრის მონაწილეობა თარჯიმნის როლში, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება. ოჯახის წევრობა იმთავითვე წითელი დროშაა ოფიცრისთვის, რადგან მას არ სჯერა, რომ ეს პირი მიუკერძოებლად წაიყვანს პროცედურას. აქედან გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ასეთ შემთხვევაში არსებობს მაღალი რისკი, ოფიცერმა თარჯიმანი შეუსაბამოდ მიიჩნიოს და ინტერვიუს გადადება გახდეს საჭირო. გაითვალისწინეთ, რომ ინტერვიუს ახალ თარიღზე ფოსტის საშუალებით გეცნობებათ.
საქმეზე თარჯიმნობა არ შეუძლიათ შემდეგ ადამიანებს:
ადვოკატებსა და მათ წარმომადგენლებს, რომლებიც საქმეში არიან ჩართულნი; მაგალითად, თქვენი საემიგრაციო საქმის პარალეგალს არ აქვს უფლება, თარგმნოს თქვენი ინტერვიუ;
საქმის მოწმეებს, რომლებიც, ბუნებრივია, დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ თქვენს საქმეში;
18 წლამდე ასაკის პირებს;
ვალიდური მუშაობის უფლების არმქონე პირებს;
აქტიური თავშესაფრის მოთხოვნის საქმის მქონე პირებს - ე.წ. Pending Asylum-ებს, ანუ მათ, ვისაც თავის საქმეზე საბოლოო დასტური არ მიუღია.
Declaration for Interpreted USCIS Interview - ე.წ. “თარჯიმნის ფორმა”
ინტერვიუს დაწყებამდე როგორც აპლიკანტმა, ისე თარჯიმანმა უნდა შეავსონ და ხელი მოაწერონ ფორმა G-1256-ს (Declaration for Interpreted USCIS Interview).
მოკლედ რომ ავხსნათ, ეს კონკრეტული ფორმა ადასტურებს თარჯიმნის ვინაობას, მისამართს, ტელეფონის ნომერს, სათარგმნ ენასა და თარჯიმნის ვალდებულებებს, მათ შორის:
ზუსტად, სრულად და უცვლელად თარგმნოს ინტერვიუს მიმდინარეობისას ნათქვამი და მოსმენილი;
დაიცვას ინტერვიუს დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;
შეასრულოს USCIS-ის ყველა მოთხოვნა და სავალდებულო პროცედურა.
თარჯიმანმა ასევე უნდა წარადგინოს მოქმედი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ინტერვიუს დაწყებამდე USCIS-ის ოფიცერი ფიცს ადებინებს როგორც განმცხადებელს, ისე თარჯიმანს.
როგორ უნდა მოიძიოთ კვალიფიციური თარჯიმანი? საჭიროა, სერტიფიცირებული იყოს?
USCIS არ ითხოვს სერტიფიცირებულ თარჯიმანს - არ არსებობს ტესტი, გამოცდა, ან სასერტიფიკაციო კურსი, რომლის ბოლოსაც თარჯიმანი USCIS-certified Interpreter ხდება, თუმცა ეს ოდნავაც არ აკნინებს მის პროფესიონალიზმს. ინდივიდუალური პასუხისმგებლობისა და სამსახურეობრივი პროფესიონალიზმის გარდაუვალი ნაწილია ის, რომ თარჯიმანმა თავად უნდა იცოდეს, რა სირთულის საქმეზე შეჭიდება შეუძლია. აუცილებლად ეცადეთ, რომ რიგი რისკების არსებობის გამო ინტერვიუზე წაიყვანოთ თარჯიმანი, რომელიც კარგად იცნობს საიმიგრაციო სპეციფიკას და აქვს ამ მიმართულებით გამოცდილება, რადგან საიმიგრაციო ინტერვიუს სწორად და სრულყოფილად სათარგმნად, სამწუხაროდ, მხოლოდ ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა არ კმარა.
თარჯიმნის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ:
• ინგლისური და მშობლიური ენის თავისუფლად ფლობას;
• საიმიგრაციო ინტერვიუების, ან ზოგად სათარჯიმნო გამოცდილებას;
• რეკომენდაციებსა და შეფასებებს;
• თქვენთან კომუნიკაციასა და თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე სრულ და ამომწურავ პასუხს;
• USCIS-ის მოთხოვნებისა და პროცედურების ზედმიწევნით ცოდნას სათარჯიმნო და უშუალოდ ინტერვიუს დროს პროცესუალური მიმართულებით.
თარჯიმნის მოძიებაში დახმარების მიღება ასევე შესაძლებელია საიმიგრაციო ადვოკატებისგან, სათემო ორგანიზაციებისა და იმ არაკომერციული ორგანიზაციებისგან, რომლებიც ემიგრანტებს ემსახურებიან. ასევე თქვენს ნაცნობებსა და საჯარო ჯგუფებს შორის. შეგახსენებთ, რომ “სივრცე” ასევე გაწვდით სათარჯიმნო სერვისს, ხოლო ამ მიმართულებას ვხელმძღვანელობ მე - “სივრცის” თანადამაარსებელი და თარჯიმანი თათია წულაძე.
ინტერვიუსთვის მომზადება მნიშვნელოვანია როგორც განმცხადებლისთვის, ისე თარჯიმნისთვის. ინტერვიუმდე რეკომენდებულია:
ერთად გადახედოთ ფორმა G-1256-ს;
დარწმუნდეთ, რომ თარჯიმანს თან აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ადგილზე გამოცხადდეთ არაუგვიანეს 15 წუთისა;
წინასწარ ჰკითხოთ თარჯიმანს ყველა ის პროცესუალური კითხვა, რომელიც გაინტერესებთ და მაქსიმალური ინფორმაცია გქონდეთ მოსალოდნელ სიტუაციაზე;
საუბრისას ისაუბროთ მკაფიოდ, მოკლე წინადადებებით და პერიოდულად გააკეთოთ პაუზები, რადგან საიმიგრაციო თარგმნა არის თანმიმდევრული და ინტერპრეტერს თქვენს შემდგომ მოუწევს ნათქვამის გადათარგმნა.
ბევრი ადამიანი არ არის მიჩვეული თარჯიმნის მეშვეობით კომუნიკაციას, რაც ბუნებრივია. ნელი ტემპით საუბარი და 1-2 წინადადების შემდეგ შეჩერება თარჯიმანს საშუალებას აძლევს, თქვენი ნათქვამი სრულად და ზუსტად გადმოსცეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი ზუსტი თარგმანი
USCIS-ის ინტერვიუს დროს გაკეთებული განცხადებები თქვენი მუდმივი საიმიგრაციო ჩანაწერის ნაწილი ხდება. თუნდაც მცირე თარგმნითმა შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს წინააღმდეგობები, გაუგებრობები ან კითხვები თქვენი სანდოობის მიმართ.
კვალიფიციური თარჯიმანი უზრუნველყოფს, რომ თქვენი ნათქვამი ზუსტად ისე იყოს გადმოცემული, როგორც თქვენ გულისხმობთ, რაც USCIS-ის ოფიცერს საშუალებას აძლევს თქვენი საქმე რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით შეაფასოს და არა ენობრივი ბარიერის გამო წარმოქმნილი გაუგებრობების საფუძველზე.
შეჯამება:
თუ ინგლისურ ენაზე თავისუფლად არ საუბრობთ, USCIS-ის საველე ოფისში გასამართ ინტერვიუზე, როგორც წესი, თავად უნდა მიიყვანოთ კვალიფიციური თარჯიმანი.
თარჯიმანი უნდა იყოს ენობრივად კომპეტენტური, მიუკერძოებელი და პროფესიონალი.
როგორც განმცხადებელმა, ისე თარჯიმანმა უნდა შეავსონ და ხელი მოაწერონ ფორმა G-1256-ს.
ადვოკატს არ შეუძლია USCIS-ის ინტერვიუზე თარჯიმნის ფუნქციის შეთავსება.
USCIS-ის ოფიცერს შეუძლია თარჯიმნის დისკვალიფიკაცია, თუ ის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
პროფესიონალი თარჯიმნის გამოყენება ხელს უწყობს გაუგებრობების თავიდან აცილებას და თქვენი საქმის სანდოობის დაცვას.
სათანადო მომზადება, პროფესიონალური თარგმანი და კვალიფიციური იურიდიული მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ზრდის იმის ალბათობას, რომ თქვენი USCIS-ის ინტერვიუ წარმატებით და შეუფერხებლად წარიმართოს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არც ეს სტატია და არც სხვა წყაროები არ შეგიცვლით კვალიფიციური იურისტის მომსახურებას, შესაბამისად, იურიდიული პროცესებისა და საკითხების უკეთ გასარკვევად მიმართეთ ადვოკატს.
პ.ს. ეს სტატია არ არის იურიდიული რჩევა - ის მხოლოდ ეყრდნობა წლების მანძილზე გაწეული მთარგმნელობითი სერვისის დროს დაგროვებულ გამოცდილებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
info@sivrce.us
+1 347-957-1845
სტატიის ავტორი: თათია წულაძე