სიახლეები

REAL ID არ მაქვს - რითი ვიფრინო?

REAL ID არ მაქვს - რითი ვიფრინო?

TSA წესები და ალტერნატიული დოკუმენტები შიდა ფრენებისთვის, თუკი REAL ID არ გაქვთ

მას შემდეგ, რაც REAL ID-ის ციებ-ცხელება დაიწყო და ადამიანები თვეზე მეტხანს ელოდნენ ეფოინთმენთს DMV-ში, რათა REAL ID აეღოთ, ქაოსში სრულად ჩაიკარგა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს დოკუმენტი სულაც არაა ერთადერთი, რომლით ფრენაც შეგიძლიათ ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით. ამ სტატიაში იხილავთ ოფიციალურ ჩამონათვალს, რომელსაც TSA, ანუ სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაცია ავრცელებს 2026 წლის 18 ივნისის მონაცემებით.

18 წლისა და უფროსი ასაკის მგზავრებმა აეროპორტის უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტზე აუცილებლად უნდა წარადგინონ მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა ფრენა შეძლონ. გაითვალისწინეთ, რომ მისაღები დოკუმენტების ჩამონათვალი, შესაძლოა, შეიცვალოს წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ამიტომ მუდმივად გადაამოწმეთ https://www.tsa.gov/travel/security-screening/identification ეს ბმული განახლებული ინფორმაციის სანახავად - TSA (Transportation Security Administration) მგზავრებს ურჩევს, ყოველი მოგზაურობის წინ გადაამოწმონ მოქმედი მოთხოვნები, რათა აეროპორტში მისაღები დოკუმენტის გარეშე არ აღმოჩნდნენ.

მისაღები პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები

TSA კონტროლის დროს იღებს შემდეგ დოკუმენტებს:

  • REAL ID-ის სტანდარტის შესაბამისი შტატის მიერ გაცემული მართვის მოწმობა ან საიდენტიფიკაციო ბარათი;

  • შტატის მიერ გაცემული Enhanced Driver’s License (EDL) ან Enhanced Identification Card (EID);

  • მობილური/ციფრული მართვის მოწმობები (Mobile Driver’s Licenses – mDL), რომლებიც ფედერალური მიზნებისთვის გამოსაყენებლად სრულად მიღებულია. როგორც წესი, ასეთი ციფრული დოკუმენტი უნდა ეფუძნებოდეს REAL ID-ს, EDL-ს ან EID-ს;

  • აშშ-ის პასპორტი;

  • აშშ-ის პასპორტის ბარათი (Passport Card);

  • DHS-ის სანდო მოგზაურის პროგრამების ბარათები (Global Entry, NEXUS, SENTRI, FAST);

  • აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გაცემული პირადობის მოწმობები, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებისათვის გაცემული დოკუმენტები;

  • მუდმივი ბინადრობის ბარათი (Green Card);

  • საზღვრის კვეთის ბარათი (Border Crossing Card);

  • ფედერალურად აღიარებული ინდიელთა ტომის ან ტომობრივი ხელისუფლების მიერ გაცემული ფოტოსაიდენტიფიკაციო დოკუმენტი, მათ შორის Enhanced Tribal Card (ETC);

  • HSPD-12 PIV ბარათი;

  • უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ გაცემული მოქმედი პასპორტი;

  • კანადის პროვინციის მართვის მოწმობა ან Indian and Northern Affairs Canada-ის ბარათი;

  • Transportation Worker Identification Credential (TWIC);

  • მუშაობის უფლება - აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) მიერ გაცემული დასაქმების ავტორიზაციის ბარათი (Form I-766);

  • აშშ-ის სავაჭრო ფლოტის მეზღვაურის მოწმობა (Merchant Mariner Credential);

  • ვეტერანთა ჯანმრთელობის საიდენტიფიკაციო ბარათი (Veteran Health Identification Card – VHIC).

ციფრული იდენტიფიკაცია

პირადობის უსაფრთხოების სისტემების გაძლიერების მიზნით, TSA ამჟამად სატესტო რეჟიმში იღებს შემდეგ ციფრულ იდენტიფიკაციებს:

  • Apple Digital ID;

  • Clear ID;

  • Google ID Pass.

როდიდან დაიწყეს REAL ID-ის მოთხოვნა მართვის მოწმობის ნაცვლად?

2025 წლის 7 მაისიდან შტატების მიერ გაცემული მართვის მოწმობები და პირადობის მოწმობები, რომლებიც REAL ID-ის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, აეროპორტებში პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად აღარ მიიღება.

მგზავრებმა უნდა გამოიყენონ REAL ID-ის შესაბამისი დოკუმენტი ან TSA-ს მიერ მიღებული სხვა ალტერნატიული დოკუმენტი, მაგალითად აშშ-ის ან უცხო ქვეყნის პასპორტი.

REAL ID-ის მიღება შესაძლებელია შესაბამისი შტატის სატრანსპორტო სააგენტოს (DMV) მეშვეობით.

თუ REAL ID ან სხვა მისაღები დოკუმენტი არ გაქვთ:

2026 წლის 1 თებერვლიდან, თუ TSA-ს საკონტროლო პუნქტზე ვერ წარადგენთ მისაღებ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, გექნებათ შესაძლებლობა გამოიყენოთ TSA ConfirmID პროგრამა.

ამ შემთხვევაში:

  • უნდა გადაიხადოთ 45 დოლარი;

  • TSA შეეცდება თქვენი ვინაობის დამატებითი მეთოდებით დადასტურებას;

  • მხოლოდ დადებითი იდენტიფიკაციის შემთხვევაში მოგეცემათ უსაფრთხოების შემოწმების პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა.

თუ თქვენ არ ფლობთ ამ გვერდზე ჩამოთვლილ არცერთ მისაღებ დოკუმენტს, რეკომენდებულია TSA ConfirmID-ის პროცედურის გავლა აეროპორტში მისვლამდე.

ვადაგასული დოკუმენტები

TSA ამჟამად იღებს გარკვეულ ვადაგასულ დოკუმენტებსაც, თუ მათი ვადის გასვლიდან არ არის გასული ორ წელზე მეტი. ეს წესი ვრცელდება ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე.

არასრულწლოვანი მგზავრები

18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს აშშ-ის შიდა რეისებით მგზავრობისას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, როგორც წესი, არ მოეთხოვებათ. თუმცა, თუ არასრულწლოვანი მგზავრი დამოუკიდებლად მოგზაურობს და სარგებლობს TSA PreCheck პროგრამით, დაჩქარებული უსაფრთხოების შემოწმების მისაღებად მას შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის წარდგენა მოუწევს. კონკრეტული მოთხოვნების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად რეკომენდებულია ავიაკომპანიასთან დაკავშირება, რადგან ცალკეულ კომპანიებს, შესაძლოა, საკუთარი წესები ჰქონდეთ.

სახელებში არსებული სუფიქსები

TSA დასაშვებად მიიჩნევს გარკვეულ განსხვავებებს სამგზავრო ბარათზე (Boarding Pass) და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე მითითებულ სახელებში. მაგალითად, თუ ერთ დოკუმენტზე მითითებულია სუფიქსი (როგორიცაა Jr., Sr., II, III და სხვ.), ხოლო მეორეზე არა, ეს, როგორც წესი, პრობლემას არ წარმოადგენს და მისაღებ განსხვავებად ითვლება.

სუფიქსის არსებობა სამგზავრო ბარათზე სავალდებულო არ არის, ხოლო მისი არარსებობა ავტომატურად არ იწვევს იდენტიფიკაციის პრობლემას.

სივრცე გისურვებთ უსაფრთხო და ბედნიერ ფრენას.