სიახლეები

მილიარდდოლარიანი ბორდვოქი - კონი აილენდი სამუდამოდ შეიცვლება

მილიარდდოლარიანი ბორდვოქი - კონი აილენდი სამუდამოდ შეიცვლება

ქალაქის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პროექტისთვის 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიყოფა, რაც ბრუკლინის სანაპირო ზოლის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციას წარმოადგენს.

კონი აილენდის სანაპიროსთვის მილიარდ დოლარზე მეტი გამოიყოფა  - 100 წლის შემდეგ ნიუ-იორკის უძველესი ბორდვოქის სრული რეკონსტრუქცია იწყება

ალბათ ნიუ იორკში რთულად მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც კონი აილენდის სანაპიროს ხის საფეხმავლო ბილიკზე - ე.წ. ბორდვოქზე არ უსეირნია. მართალია, მიმდებარე ტერიტორია უამრავი ადამიანის თავშეყრის ადგილია, მაგრამ ხის ბილიკი საკმაოდ ამორტიზებულია ამინდის, ცვეთისა და ბევრი სხვა ფაქტორის გამო.

ბევრწლიანი საუბრის, ინიციატივებისა და მოლაპარაკებების შედეგად ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ისტორიული ღირსშესანიშნაობა - კონი აილენდის რიგელმანის ბორდვოქი (Riegelmann Boardwalk) - უახლოეს წლებში სრულად შეიცვლება. ქალაქის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პროექტისთვის 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიყოფა, რაც ბრუკლინის სანაპირო ზოლის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციას წარმოადგენს.

პროექტის ფარგლებში 100 წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე ბორდვოქი მთლიანად განახლდება, გარკვეულ მონაკვეთებზე აიწევა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გადაკეთდება, რათა უკეთ გაუძლოს ზღვის დონის მატებას, წყალდიდობებსა და ძლიერ შტორმებს, რომლებიც კლიმატის ცვლილების ფონზე სულ უფრო ხშირი ხდება.

ისტორიული ადგილი, რომელიც ნიუ-იორკის სიმბოლოდ იქცა

კონი აილენდის ბორდვოქი 1923 წელს გაიხსნა და ბრუკლინის სანაპიროს გასწვრივ 2.7 მილზეა გადაჭიმული. ათწლეულების განმავლობაში ის მილიონობით ნიუ-იორკელისა და ტურისტის საყვარელ ადგილად იქცა.

აქ თაობები იზრდებოდნენ, სეირნობდნენ ოკეანის პირას, მიირთმევდნენ Nathan’s-ის ცნობილ ჰოთ-დოგებს და სტუმრობდნენ ლეგენდარულ ატრაქციონებს, მათ შორის ისტორიულ „Cyclone“-ს და ქონი აილენდის ლუნა პარკის სხვა გასართობებს. 

2018 წელს ბორდვოკს ოფიციალურად მიენიჭა ნიუ-იორკის ღირსშესანიშნაობის სტატუსი, თუმცა ასწლოვანმა ექსპლუატაციამ, სანაპირო კლიმატმა და არაერთმა ძლიერმა ქარიშხალმა მის მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. დღეს უკვე აშკარად შესამჩნევია დაზიანებული ხის კონსტრუქციები, დაჟანგებული სამაგრები, დეფორმირებული მონაკვეთები და საყრდენი ელემენტების ცვეთა, რის გამოც ქალაქმა სრულმასშტაბიანი რეკონსტრუქციის გადაწყვეტილება მიიღო.

რას მოიცავს მილიარდდოლარიანი პროექტი?

პროექტს ნიუ-იორკის პარკებისა და რეკრეაციის დეპარტამენტი (NYC Parks) და ნიუ-იორკის ეკონომიკური განვითარების კორპორაცია (NYCEDC) ერთობლივად განახორციელებენ.

რეკონსტრუქციის ძირითადი მიმართულებები მოიცავს:

ბორდვოკის სრული განახლება

  • მოძველებული საინჟინრო კომუნიკაციების შეცვლა;

  • საძირკვლისა და საყრდენი კონსტრუქციების გამაგრება;

  • სანაპიროს ყველაზე მოწყვლადი მონაკვეთების ამაღლება;

  • წყალდიდობებისა და შტორმებისგან დაცვის სისტემების გაუმჯობესება.

მიზანია, ბორდვოკმა მომავალშიც შეძლოს უსაფრთხოდ ფუნქციონირება და მომდევნო ასწლეულსაც გაუძლოს.

ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი სივრცეების მოდერნიზაცია

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება:

  • საზოგადოებრივი საპირფარეშოები;

  • მაშველების სადგურები;

  • დასასვენებელი პავილიონები;

  • ფეხით მოსიარულეთა მისასვლელები და პანდუსები.

ქალაქი ასევე გეგმავს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას ქუჩების, საკანალიზაციო სისტემებისა და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში. მუნიციპალური ხელისუფლების შეფასებით, ეს გაუმჯობესებები ხელს შეუწყობს როგორც წყალდიდობებისგან დაცვას, ასევე რაიონის ეკონომიკურ განვითარებას.

ასევე შეიქმნება დამატებითი სივრცეები, რომლებიც სანაპიროს უფრო ხელმისაწვდომს გახდის როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ვიზიტორებისთვის.

Abe Stark Sports Center-ის განახლება

ცალკე, 42-მილიონიანი პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება Abe Stark Sports Center-ს - კონი აილენდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სპორტულ კომპლექსს.

განახლდება ყინულის მოედანი, გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა და შეიქმნება ახალი მთავარი შესასვლელი, რომელიც პირდაპირ ბორდვოკს დაუკავშირდება.

ახალი საცხოვრებელი პროექტები

ინიციატივის ნაწილი ასევეა კონი აილენდის სანაპირო ზონაში 1,500 ახალი საცხოვრებელი ერთეულის მშენებლობა.

ქალაქის გეგმის მიხედვით:

  • საცხოვრებლების 25% მუდმივად ხელმისაწვდომ (Affordable Housing) კატეგორიას მიეკუთვნება;

  • შეიქმნება შერეული შემოსავლის მქონე საცხოვრებელი უბნები;

  • განვითარდება ქუჩები, საინჟინრო ქსელები და საზოგადოებრივი სივრცეები.

ქალაქმა უკვე შეარჩია დეველოპერი, რომელიც Coney Island West-ის ტერიტორიაზე ახალ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს.

პროექტი მოიცავს:

  • 500-ზე მეტ ახალ საცხოვრებელ ბინას;

  • კომერციულ ფართებს პირველ სართულებზე;

  • ახალი ტიპის მრავალსართულიან საზოგადოებრივ პარკინგს;

  • დამატებით ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებებს, რომლებიც სანაპიროს მომავალი წყალდიდობებისგან დაცვას შეუწყობს ხელს.

ბიზნესის მხარდაჭერა და უბნის განვითარება

ქალაქის ადმინისტრაცია ასევე მხარს უჭერს სპეციალური ბიზნეს-გაერთიანების (Business Improvement District – BID) შექმნას, რომლის მიზანიც ადგილობრივი ბიზნესების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მაცხოვრებლების გაერთიანება იქნება, რათა კონი აილენდი უფრო უსაფრთხო, სუფთა და ეკონომიკურად აქტიური უბანი გახდეს.

როდის დაიწყება სამუშაოები?

პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და, მოძებული ინფორმაციის საფუძველზე გეტყვთ, რომ მისი დასრულება მრავალ წელს მოიცავს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს:

  • არქიტექტურული დაგეგმვა;

  • საინჟინრო კვლევები;

  • მოსახლეობასთან და ადგილობრივ ბიზნესებთან კონსულტაციები.

სამუშაოები ერთდროულად მთელ 2.7-მილიან მონაკვეთზე არ განხორციელდება. რეკონსტრუქცია ეტაპობრივად, ცალკეული უბნების მიხედვით წარიმართება, რათა კონი აილენდის ყოველდღიური ფუნქციონირება მაქსიმალურად შენარჩუნდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს არეალი სამხრეთ ბრუკლინის უკიდურესი წერტილის მაცხოვრებელთა ყოველდღიური გადაადგილებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ბევრი ისეირნეთ - შესაძლოა, ეს ბოლო ზაფხული იყოს ძველი ბორდვოკის სანახავად

მიუხედავად დაგეგმილი ცვლილებებისა, მიმდინარე ზაფხულში ბორდვოქი მოსეირნეებისთვის, მორბენლებისთვისა და ტურისტებისთვის კვლავ ღია დარჩება.

თუმცა, თუ გსურთ ნახოთ კონი აილენდის ისტორიული ხის ბორდვოქი იმ სახით, როგორადაც მას ნიუ-იორკელთა არაერთი თაობა იცნობდა, შესაძლოა, ეს სეზონი ერთ-ერთი ბოლო შესაძლებლობა იყოს.

რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ კონი აილენდი უფრო უსაფრთხო, თანამედროვე და კლიმატური გამოწვევებისადმი გამძლე გახდება, თუმცა მისი ისტორიული იერსახის მნიშვნელოვანი ნაწილი სამუდამოდ შეიცვლება.

ასე რომ, 2026 წლის ზაფხული შესაძლოა ის სეზონი აღმოჩნდეს, როდესაც ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანაპირო ატრაქციონი საკუთარ საუკუნოვან ისტორიას დაემშვიდობება და ახალ ეპოქაში შედგამს ფეხს.